Cart
Subtotal : $144.00

Free Shipping on All Orders Over $100!

სტატია

ალბათ ყველას გაინტერესებთ, რატომ ვრთავთ საახალწლოდ მაინცდამაინც ნაძვს და არა სხვა ჯიშის ხეს. ყველა ჩვენგანს მოგვირთავს საშობაოდ ნაძვის ხე. ამ რიტუალისთვის დიდხანს ვემზადებით, მრავალნაირად ვცდილობთ, რაც შეიძლება ლამაზი და ორიგინალურად მორთული ნაძვის ხე გვქონდეს. მაგრამ, შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა ჯერ კიდევ არ იცოდეს, რატომ აირჩიეს ადამიანებმა ამ დღისთვის ნაძვის ხე.


ამასთან დაკავშირებით საინტერესო თქმულებაა შემონახული. ლეგენდის თანახმად:


„იესო რომ დაიბადა, ყველა ხე მივიდა მასთან და დაბადების დღე მიულოცა. მათ საჩუქრებიც მიუტანეს: ვაშლის ხემ - ვაშლი, კაკლის ხემ - კაკალი, ატმის ხემ - ატამი...

ნაძვის ხე კი იდგა შორიახლოს და ადგილიდან არ იძვროდა, ჩუმად ტიროდა. მისი ტოტებიდან წებოვანი სითხე გადმოვიდა, ეს ნაძვის ცრემლები იყო...


- რატომ არ მიდიხარ იესოსთან მისალოცად? - ინტერესით ჰკითხეს მას სხვა ხეებმა.


- „მე ხომ ჩხვლეტია წიწვები მაქვს, მეშინია, ყრმას რაიმე არ ვატკინო, “ - უპასუხა ნაძვის ხემ.
- რა კეთილი ხე ყოფილხარ!- აღფრთოვანდა ყველა.


გადმოცემის თანახმად, ამის გამო ღმერთმა დაასაჩუქრა ნაძვი. მისი გირჩები სხვადასხვაფრად შეღება, მორთო ტკბილეულითა და ფერად-ფერადი სათამაშოებით, ცას ვარსკვლავი მოსწყვიტა და გვირგვინად დაადგა. სწორედ ამიტომ, ნაძვის ხის წვერზე მდგარ ვარსკვლავს „შობის ვარსკვლავს“ უწოდებდნენ. მას შემდეგ კი ნაძვის ხე მუდმივად ირთვება.“

.

ისიცაა ცნობილი, რომ ნაძვამდე სხვადასხვა ქვეყნებში სხვა ხეებს რთავდნენ. არსებობდა მუხის მორთვის ტრადიციაც. ტყეში ერთ დიდ მუხას აარჩევდნენ და იმას ამშვევებდნენ ფერად-ფერადი მოსართავებით. ტროპიკულ ქვეყნებში კი არსებობდა პალმის მორთვის ტრადიცია. ცხელ ქვეყნებში, სადაც ნაძვი ვერ ხარობს, გაქრისტიანებული მოსახლეობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პალმას რთავდა. მაგრამ ეს პრობლემა დღეისათვის მოგვარებულია, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი ხელოვნური ნაძვის ხე.

.

ნაძვის ხეს ჯერ თხილით, კანფეტებითა და მოხატული კვერცხებით ამშვენებდნენ. პირველი მინის ბურთულა კი XVII-ის დასაწყისში შექმნეს თიურინგიაში (გერმანია).

.

კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, მე-7 საუკუნეში ინგლისელი მღვდელი გაემგზავრა გერმანიაში ქრისტეს სჯულის გასავრცელებლად. ადგილზე მისულმა მოძღვარმა მრევლს ნაძვის ხის სამკუთხოვან ფორმაზე აუხსნა სამების (მამა, ძე და სულიწმინდის კავშირი) არსი. ამგვარად, მრევლმა სწორედ ნაძვის ხესთან მოახდინა წმინდა სამების დაკავშირება. ასე იქცა ნაძვის ხე შობის სიმბოლოდ ევროპაში, შემდეგ კი მთელს ქრისტიანულ სამყაროში.


ნაძვის ხის, როგორც ქრისტიანული შობის სიმბოლოს გამოჩენას კიდევ ერთი ვერსია უკავშირდება გერმანელი მისიონერის, წმინდა ბონიფაცის სახელს. VI სუკუნეში, წარმართებთან ქრისტიანობის ქადაგების დროს მისიონერმა მოჭრა მათი ღვთაების, ტორისადმი მიძღვნილი უზარმაზარი მუხა. წმინდა ბონიფაცის ამით უნდოდა ეჩვენებინა წარმართული ღმერთების უძლურება. დაცემისას მუხამ ყველა ხე წააქცია, გადარჩა მხოლოდ ერთი ნაძვი. აქედან მოყოლებული, იქცა ნაძვი შობის სიმბოლოდ ცენტრალური ევროპის ტომებში.